განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დვალი და კომისიის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს შეხვდნენ და ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანს განათლების ახალ კონცეფციასთან დაკავშირებული იდეებისა და წინადადებების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა კონკრეტულად სასკოლო რეფორმაზე, ახალ მიდგომებზე, სისტემის დეცენტრალიზაციასა და მეცნიერებასა და სკოლას შორის ერთიანი სააზროვნო სივრცის შექმნაზე.
გიორგი დვალის განცხადებით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის სისტემის რეფორმირებისთვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.
განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომისიის წევრები სისტემატიურად ხვდებიან საზოგადოების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათთან ერთად განიხილავენ ახალ კონცეფციას, რომელიც სამეცნიერო, საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლების განვითარებას და ჩვენი განათლების სისტემის რადიკალურ რეფორმას ითვალისწინებს.