საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თემატური სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროსათვის პრიორიტეტულია სკოლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლება. ამ მიმართულებით პედაგოგთა გადამზადება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მომავალში წარმატებით გაგძელდება.
სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება და ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა პირდაპირკავშირშია სკოლებში შესაბამისი კათედრების გამართულ და მიზანმიმართულ საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე, მინისტრის მოადგილე სკოლებში მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრების მუშაობით დაინტერესდა და ამ მიმართულებით პედაგოგთა პრობლემები, რეკომენდაციები და წინადადებები მოისმინა. შეხვედრის დასასრულს, ალუდა გოგლიჩიძემ აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.