საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ფასანაურის საჯარო სკოლა მოინახულა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. მინისტრი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც შეხვდა და მათ მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე დაინტერესდა სკოლის მდგომარეობით და არსებული პრობლემებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმე ათეული კომპიუტერი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გადასცა. აღნიშნული კომპიუტერები, ფასანაურის საჯარო სკოლის მსგავსად, რეგიონების იმ საჯარო სკოლებს დაურიგდებათ, სადაც ამის ყველაზე მეტი საჭიროებაა.
ფასანაურის საჯარო სკოლაში 174 მოსწავლეა, აქედან 71 მოსწავლე მეზობელი სოფლებიდან დადის სკოლაში და მათ 2013 წლის მარტიდან სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ, აქამდე ამ მოზარდებს დღეში 18-28 კილომეტრის ფეხით გავლა უხდებოდათ.
სამინისტრომ გასულ წლებში სკოლაში ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები განახორციელა, აღჭურვა ახალი ინვენტარით. სკოლის რეაბილიტაცია და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ზაფხულშიც გაგრძელდება. ფასანაურის საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლა ორიენტირებულია ხარისხიან სწავლაზე, გასულ წელს 17 კურსდამთავრებულიდან 14 სტუდენტი გახდა 70%-50%-იანი დაფინანსებით, სკოლის კურდამთავრებულთა შორის ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანია.