საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 198-ე საჯარო სკოლას ეწვია, საგაკვეთილო პროცესს გაეცნო და მოსწავლეების მიერ დამზადებული სააღდგომო ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა დაათვალიერა. მინისტრი სპეციალიზირებული სკოლის პრობლემებით დაინტერესდა და დირექტორისაგან სრული ინფორმაცია მიიღო იმ საჭიროებებზე, რომელიც აუცილებელ მოგვარებას მოითხოვს.
198-ე საჯარო სკოლაში 161 მოსწავლე სწავლობს, მათგან 10% სოციალურად დაუცველია, დანარჩენი 90% კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. უმრავლესობას მეტყველების, მოტორიკის, ემოციური თუ სოციალური პრობლემები აქვს, აწუხებთ კომუნიკაციის ან ფუნქციათა შეზღუდვების მთელი კომპლექსი, უჭირთ ფიზიკური თუ ფსიქიკური სტაბილობის დაცვა, ურთიერთობა უფროსებთან, თანატოლებთან. სკოლის დირექტორის თეონა ყაჭეიშვილის განცხადებით, სკოლის მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარ - ჩვევები მისცეს. აქედან გამომდინარე, სკოლის მულტიდისციპლინარულ გუნდს შემუშავებული აქვს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.
სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა-სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია, ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი. მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა საინტერესო პროექტებში. აქტიურად ეუფლებიან შრომით უნარ-ჩვევებს.
გიორგი მარგველაშვილი 198-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსაც გაესაუბრა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა და იმ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია, რომელშიც სკოლას სამინისტროს მხარდაჭერა ესაჭიეროება.