მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრა ევროპის კვირეულის პროგრამის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ვრცელი ინფორმაცია პროგრამა ,,პესტალოცი”-ს შესახებ. ,,პესტალოცი” განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამაა, რომელსაც ევროსაბჭო ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ახორციელებს. “პესტალოცის” ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად დასაგეგმად და განსახორციელებლად, პროფესიული კავშირები დაამყარონ ევროპის სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას, კერძოდ, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესს პედაგოგების, ტრენერების და განათლების სპეციალისტებისტებისათვის პროფესიული ზრდის საშუალებების შეთავაზების გზით.