საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე ”მშობელთა ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში”. ღონისძიება დეპარტამენტში მიმდინარე პროექტის ”საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი” ფარგლებში შედგა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა ჩართულობაა.
დეპარტამენტმა აღნიშნული მიმართულებით მუშაობა 2012 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის ფარგლებში ექსპერტებმა საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები თბილისისა და რეგიონების მოსწავლეთა მშობლებთან და პედაგოგებთან გამართეს.
შეხვედრა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და პრეზენტაციებით წარდგნენ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის -USAID/G-PriEd-ის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის) წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მშობლები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოკვლევების თანახმად, რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი შვილის სწავლებისა და განათლების მიღების პროცესში, მით უფრო მაღალია მოსწავლის მიღწევის დონე; იზრდება მოსწავლის მოტივაცია; ბავშვს მეტად უყალიბდება სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; იზრდება სასკოლო გეგმაში დასახული მიზნების შესრულების ხარისხი; უმჯობესდება დისციპლინა; იზრდება სკოლის და მასწავლებლის ავტორიტეტი; ხოლო წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა.
2013 წელს მშობელთა ჩართულობის მიმართულებით ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი მრავალი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას გეგმავს. დეპარტამენტში გახსნილია სპეციალური ელექტრონული მისამართი mshobeli@mes.gov.ge, რომლის საშუალებითაც ყველა მშობელს შეუძლია მიმართოს დეპარტამენტს შეკითხვით სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის თემაზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.