სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი პედაგოგი და მოწვეული სტუმარი სამოქალაქო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო, მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ფორუმის წევრ მასწავლებელთა გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
კონფერენციის დასასრულს, წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სამოქალაქო განათლების ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი თერთმეტი რეგიონის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგს გადაეცა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International ახორციელებს. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით ხორციელდება.