საკოორდინაციო ჯგუფი შედგება სამთავრობო და არასამთავრობო დაინტერესებული მხარეებისგან, კერძოდ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, გარემოს დაცვის სამინისტრო; DIPECHO პარტნიორები - UNICEF, Save the Children, ASB, Oxfam GB, ACF, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და RDFG.
საკოორდინაციო ჯგუფის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბუნებრივი კატასტროფის რისკის პრევენციასა და შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და აქტივობების ჩატარება, რომელშიც ასევე ჩართულები იქნებიან სკოლების ადმინისტრაციები, დირექტორები, მანდატურები, მშობლები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე მიესალმა. შეხვედრაზე ყველა პარტნიორმა ორგანიზაციამ წარმოადგინა საკუთარი ხედვა და მათ მიერ კატასტროფების რისკის შემცირების უზრუნველსაყოფად უკვე შექმნილი მასალები.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ვრცლად ისაუბრა თემაზე ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინტეგრირება საქართველოს განათლების სისტემაში. დაისახა სამომავლო გეგმები, რაც ითვალისწინებს: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ელექტრონული თამაშების მომზადებას, მოსწავლეებისთვის თემატური საზაფხულო ბანაკების მოწყობას და სხვა აქტივობების ჩატარებას.
განათლებაში ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფის მომავალი საქმიანობა უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფუნდამენტურ და დამხმარე ნაწილს წარმოადგენს.