საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას ითვალისწინებს, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის საკალათბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
სასკოლო ჩემპიონატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
ტურნირში ჩართულნი იყვნენ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის, სკოლა “ლოგოსის”, 199-ე საჯარო სკოლა „კომაროვის”, ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის, სკოლა “მწიგნობართუხუცესის” და თბილისის 23-ე საჯარო სკოლის ნაკრები გუნდები.
2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება განხორციელდა, შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდა პედაგოგები, კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, ამით პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახდა.