სოფელ ლამბალოში სკოლის ძველი შენობა 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მეშვიდე წელია ამ სოფლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მოსწავლეებს ურთულეს პირობებში უწევთ სწავლა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება.
სკოლის დირექტორის განმარტებით, სადაც დღეს ბავშვებს გაკვეთილები უტარდებათ, ადრე ბოსელი იყო, ხოლო ადმინისტრაციული შენობა სკოლას ნაქირავები აქვს და ყოველწლიურად 30 ათასი ლარი უჯდება. სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში ორი სექტორია: ქართული და აზერბაიჯანული. ქართულ სექტორზე მხოლოდ 80 მოსწავლეა, 935 მოსწავლე აზერბაიჯანულენოვანია, 70 პედაგოგიდან 25 მასწავლებელი ქართველია, დანარჩენები კი აზერბაიჯანელები არიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ლამბალოში ახალი სკოლა აშენდება. ახალი სკოლის მშენებლობით სოფლის მოსახლეობის დიდი ხნის ოცნება ახდება - მომავალი სასწავლო წლიდან ლამბალოელი მოზარდები თანამედროვე, კომფორტულ შენობაში ისწავლიან.