ტასილო შმიტი არის რეფორმების ექსპერტი, უშუალოდ მონაწილეობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში, გერმანელი პროფესორი კარგად იცნობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ მდგომარეობასაც. გიორგი მარგველაშილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ სიახლეებს და სამომავლო გეგმებს. ტასილო შმიტმა მზადყოფნა გამოთქვა თავისი გამოცდილების ფარგლებში, ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
ტასილო შმიტი საქართველოში გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების (DAAD) მოწვევით იმყოფება, მან უკვე გამართა საინფორმაციო შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. დაგეგმილი აქვს სემინარი ტემპუსის ოფისში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.