ადილ შარიფოვს წელს დაბადებიდან 70 და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა. იგი სადახლოს მეორე საჯარო სკოლაში 5 წელი მასწავლებელად მუშაობდა, 19 წელი სასწავლო ნაწილის გამგე იყო ხოლო, 26 წელია სკოლას ხელმძღვანელობს. მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილის გამო, მას არაერთი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული, არის ენერგიული და პასუხისმგებლობით გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი, რომელსაც ყველაზე მძიმე პერიოდშიც სკოლა არ დაუტოვებია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, განათლების სისტემის თანამშრომელთათვის, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით მომავალი თაობის აღზრდაში, სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დაწესდა.
სამკერდე ნიშნის „ამაგდარი“ გაცემის მიზანი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ღვაწლის დაფასება, მოტივაციის ამაღლება, ასევე ახალი პროექტების, ინიციატივების წახალისება, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. პირველ ეტაპზე სამინისტრო სამკერდე ნიშნით საქართველოს საჯარო სკოლების ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს აჯილდოებს.