საქართველოს ვიცე–პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელით აკაკის სახლ–მუზეუმს მგოსნის ხელჯოხი გადასცა.
ხელჯოხი, რაჭა–ლეჩხუმში მოგზაურობისას პოეტმა არტემ შიშინაშვილის ოჯახს უსახსოვრა. ნივთი 100 წლის განმავლობაში შიშინაშვილების ოჯახში ინახებოდა. წელს კი, მამუკა შიშინაშვილმა ოჯახური რელიკვია პატივისცემის ნიშნად ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად გადასცა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით ამიერიდან ძვირფასი სახსოვარი, როგორც მნიშვნელოვანი ექსპონატი და ქართველი ხალხის საკუთრება აკაკი წერეთლის სახლ–მუზეუმში დაიდებს ბინას.
აკაკის 173–ე წლისთავთან დაკავშირებით, ლიტერატურის ინსტიტუტი აკაკი წერეთლის ოცტომეულს გამოსცემს. ამავე დღეს პირველი სამი ტომის პრეზენტაციაც გაიმართა.
სხვიტორში ღონისძიებას პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.