WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. აღნიშნული კონკურსის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე გამარჯვებული გუნდის წევრებმაც ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საქართველოს 18 პროფესიული სასწავლებლის პროდუქციის გამოფენა. ექსპოზიციაზე მაქსიმალურად იყო წარმოდგენილი პროდუქცია, რომლის შექმნასა და მომზადებასაც სტუდენტები სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში ეუფლებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაღალი რანგის საერთაშორისო კონკურსში პირველად მონაწილე ქართულ გუნდს წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცენტრის ხელმძღვანელი ელენე ჯიბლაძე, ასევე სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები.