საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ”სპორტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის”.
პროექტის მიზანი იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მონაწილეობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებში, ასევე სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში და მათთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროექტის განხორციელება 2011-2012 სასწავლო წლიდან დაიწყო და 2013 წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თბილისის 20 და საქართველოს რეგიონების 35 საპილოტე სკოლის სპორტის 114 პედაგოგი, სპეცპედაგოგები და ფსიქოლოგები გადამზადდნენ პროექტის ინკლუზიური განათლების კონსულტანტის და სპორტისა და ფიზიკური ექსპერტის მიერ. მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები და სემინარები, როგორც პედაგოგებთან და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, ასევე მათ მშობლებთან. ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით და თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, შეიქმნა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობდა და მომდევნო წელსაც გაგრძელდება სწავლება სპორტის გაკვეთილებზე.
პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი სპორტის საუკეთესო გაკვეთილის გამოვლენის მიზნით. გამოვლინდნენ გამარჯვებული პედაგოგები (სულ 6 პედაგოგი), რომელთა გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.
პროექტის ფარგლებში შეძენილი ადაპტური სასპორტო ინვენტარი მიეწოდა საქართველოს მასშტაბით თხუთმეტ საპილოტე სკოლას, შეიქმნა გზამკვლევი სკოლის პედაგოგებისათვის „სპორტი სპეციალური საგაბმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის“, გაკეთდა პროგრამის მიმდინარეობის და შედეგების ამსახველი ფლეშ-ალბომი, მომზადდა რეკომენდაციები სპორტის მასწავლებლებისთვის ადაპტური სპორტული ინვენტარის გამოყენებაზე.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.