საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის ახალი წესი შემუშავდა, რომლის გასახორციელებლად, მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან, 23 აგვისტოს ჩათვლით, რეგისტრაციის პროცესში მონაწილე თანამშრომელთა ტრენინგები მიმდინარეობს.
ტრენინგები სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე მიმდინარეობს. გადამზადებას იმ სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები გადიან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ. ასევე გადიან გადამზადებას სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები, 3 საინფორმაციო ცენტრისა და 70 რესურსცენტრის თანამშრომელი.
ზემოაღნიშნულმა თანამშრომლებმა 2013 წლის 25 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია უნდა უზრუნველყონ. აპლიკანტები ოქტომბრის დასაწყისში ტესტირებას გაივლიან. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სახელმწიფოს მიერ 100%-იანი დაფინანსებით, სასურველ პროფესიას დაეუფლებიან.