საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს, სამტრედიის მე-8 და სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. 2013 წელს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათგან 10 ერთეული სოფლის სკოლაა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბევრი სკოლა არა არის გაზიფიცირებული, მათ შორისაა სამტრედიის მე-8 და დაბლა გომის საჯარო სკოლებიც. სკოლის ინფრასტრუქტურის აღდგენა- განვითარების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორდინირებული ქმედებებით, წელს 22 სკოლაში განხორციელდება გაზის შეყვანა და გათბობის სისტემების მოწყობა.
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ, სადაც არ უნდა სწავლობდეს, თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს.
სკოლების რეაბილიტაცია გაგრძელდება, ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, თანამედროვედ აღჭურვილი, უზრუნველყოფილი გათბობისა და განათების ახალი სისტემით. რაც შეეხება ახალ სკოლებს - აშენდება თანამედროვე დიზაინითა და ინფრასტრუქტურით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნები და დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.