ფესტივალში მონაწილეობა მიიღო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელმა 30-მდე დაწესებულებამ, რომელთა შორის იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლები. ფესტივალის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოს წარმომდგენლები (jobs.ge, hrpg.ge, hr.com, hrpartners.ge).
ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გაევლოთ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამებზე, გაცნობოდნენ პროფესიული ტესტების ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მოესმინათ მათი პრეზენტაციები.
ფესტივალის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ
.