ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. იმისათვის, რომ საგანმანათლებლო სივრცე გახდეს უფრო ინკლუზიური და მიმღები სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. სწორედ ამ მიზნით, ხდება სკოლებში ფიზიკური გარემოს მომზადება, მასწავლებელთა გადამზადება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, მეთოდოლოგიის გამართვა.
კონკურსის წესით შეირჩა ინტეგრირებულ კლასის სპეციალისტები: ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, მეტყველების თერაპევტი, სურდოპედაგოგი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა).
1 ოტომბრიდან ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებისათვის სპეციალურ პედაგოგიკაში ერთთვიანი ტრენინგის კურსი დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და დაეხმარება მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო სივრცეში უკეთ ინტეგრირებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების პროცესში. ტრენინგის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნო.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მიერ, ინტეგრირებული კლასის პროფილის შესაბამისად, თემატური ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ აღნიშნული სკოლების დაწყებითი კლასების დამრიგებლებს.