საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ბიბლიოთეკარის სტანდარტი, განკუთვნილი როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების ბიბლიოთეკარებისთვის. სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტის პრეზენტაცია სამინისტროში შედგა. საზოგადოებას ახალი სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ წარუდგინა.
ამ დრომდე საქართველოს განათლების სისტემაში არ არსებობდა დოკუმენტი, რომელშიც ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით ასახული იქნებოდა საერთაშორისო გამოცდილება და რომელიც შეთავაზებდა ქვეყანაში მომუშავე ბიბლიოთეკარებს ერთიან პროფესიულ სტანდარტს.
საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტი განსაზღვრავს სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს, პროფესიულ ღირებულებებს და ვალდებულებებს, რომლებიც ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებას. სტანდარტი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
აღნიშნული სტანდარტის შექმნაში 3 მოწვეული ექსპერტი მონაწილეობდა: ირაკლი ღარიბაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; თინათინ ლომჯარია - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; თამარ ხოსრუაშვილი - დიუმას ცენტრის მედიათეკის დირექტორი.
ექსპერტების მიერ შექმნილი პირველადი ტექსტი განხილულ იქნა როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში, აგრეთვე სკოლების მოქმედ ბიბლიოთეკარებთან. დაინტერესებულ მხარეთა მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები აისახა სტანდარტის ტექსტის საბოლოო ვარიანტში.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, თბილისის საჯარო სკოლების დირექტორები და ბიბლიოთეკარები, განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.