საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმეკაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის პირველ საჯარო სკოლაში ახალი სკოლის მშენებლობის პრეზენტაცია გამართა. ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება, ტენდერი კი 28 ოქტომბერს გამოცხადდება. ახალი სასწავლო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. 240 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და აღჭურვილია სპეციალური პანდუსებითა და ლიფტით.
მუხრანის მეორე საჯარო სკოლის არსებული შენობა კი ამორტიზირებულია, ის გასული საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ავარიულია, რის გამოც სწავლა აღარ მიმდინარეობს. ამ დროისთვის სკოლა ოპტიმიზირებულია მუხრანის პირველ საჯარო სკოლასთან, სადაც მოსწავლეებს სწავლა სივიწროვეში და არასათანადო პირობებში უწევთ.
გიგა უმეკაშვილმა დღეს ახალი საჯარო სკოლის პროექტი ორივე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარუდგინა, ახალ სასწავლო შენობაში სწავლის გაგრძელება გრაფიკის მიხედვით მუხრანის სკოლის მოსწავლეებს ერთ წელიწადში შეეძლებათ.
მუხრანის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ ცხრა სკოლას შორის, რომლის მშენებლობასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს დაიწყებს, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. სოფელ წილკანში 450 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო შენობის მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება.