საფრანგეთის საელჩოს, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტისა და კომპანია „ჯივიესის“ მხარდაჭერით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ ფრანგი ცნობილი მეღვინე ექსპერტი (სომელიე) მარი ბორდიე მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ღვინის შეცნობის ხელოვნებას ასწავლის. სწავლება მიმართულია ისეთ თემებზე, როგორიცაა პროდუქციის შერჩევა, ღვინის შენახვა და დაძველება, კერძების შეხამება ღვონოებთან და რჩევები მომხმარებელთათვის.
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯში სპეციალობები კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარეა შერჩეული. „აისი“ ერთ-ერთი პირველია, სადაც სხვა მრავალ პროფესიასთან ერთად, მეღვინის სპეციალობა ისწავლება. სახელმწიფო კოლეჯის სტუდენტები აქ ევროპული და ტრადიციული წესით ღვინის დამზადებისა და ჩამოსხმის, ღვინის შეცნობის ტექნოლოგიებს სწავლობენ. ახალი სასწავლო წლიდან კოლეჯში სომელიეს, ანუ ღვინის ექსპერტის სპეციალობაც ისწავლება.
საფრანგეთის საელჩოს მიაჩნია, რომ სომელიეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის. საქართველოს, რომელიც ღვინის აკვნად არის მიჩნეული, მეღვინეობის მდიდარი კულტურა აქვს. Eამის დასტურია ის, რომ ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი.
სომელიეს საქმიანობა სწორედ, რესტორნისა და ღვინის მომსახურების სფეროა. სომელიე პასუხისმგებელია ღვინის შეძენაზე, შენახვაზე, ხარისხსა და მომხმარებლისთვის სწორად მიწოდებაზე. სომელიეს პროფესია არის მომსახურებაზე ორიენტირებული. როდესაც რესტორანს, სასტუმროს ან ღვინის კომპანიას სურვილი აქვს კლიენტს მაღალი დონის მომსახურება შესთავაზოს, მის ინტერესებშია ჰყავდეს სომელიე და ზოგადად, პროფესიონალი მომსახურე პერსონალი. შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში პროფესიონალ სომელიეებზე დიდი მოთხოვნაა.
საქართველოში სომელიეს პროფესია შედარებით ახალია, ჩვენში ძალიან ცოტაა ისეთი დაწესებულება, სადაც სომელიე ჰყავთ. თუმცა, ქვეყანა ვითარდება და როგორც ევროპულ ქვეყანაში საქართველოშიც, დღითი დღე იზრდება ამ პროფესიისადმი მოთხოვნილება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როდესაც სომელიეს პროფესიას ქართველი სტუდენტებიც ეუფლებიან და მათ მასტერ კლასს უცხოელი პროფესიონალი უტარებს, უზიარებს თავის გამოცდილებას. კახეთში ჩატარებული სწავლების შემდეგ გაიმართება ორი სასწავლი სესია ბათუმსა და თბილისში. სწავლებისათვის ღვინოებით უზრუნველყოფას ალკოჰოლური სასმელების კომპანიის მარკა “თამადა” ახორციელებს.