მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანსა და წილკანში ახალი სკოლები შენდება. მშენებლობის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პირადად გაეცნო. მინისტრმა მიმდინარე სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია სკოლის წარმომადგენლებისა და მშენებლებისაგან მიიღო.
სოფელ მუხრანსა და წილკანში სკოლების მშენებლობა, რომელსაც სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, გასული წლის ბოლოს დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს სკოლები იმ ცხრა სკოლას შორისაა, რომლის მშენებლობასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს განახორციელებს.
მუხრანის მეორე საჯარო სკოლის არსებული შენობა გასული საუკუნის დასაწყისში იყო აშენებული, იყო ამორტიზირებული და ავარიული, რის გამოც 2012 წლიდან აქ სწავლა აღარ მიმდინარეობდა. ამ დროისათვის სკოლა ოპტიმიზირებულია მუხრანის პირველ საჯარო სკოლასთან, სადაც მოსწავლეებს სწავლა სივიწროვეში და არასათანადო პირობებში უწევთ. ანალოგიურად მძიმე მდგომარეობაა წილკანის საჯარო სკოლაშიც, რამაც ახალი სკოლის მშენებლობის გადაუდებელი საჭიროება განაპირობა.
ახალი სასწავლო შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტებით. სკოლები ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და აღიჭურვება სპეციალური პანდუსებითა და ლიფტით. ახალ სასწავლო შენობაში სწავლის გაგრძელება გრაფიკის მიხედვით, მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან შეეძლებათ. მუხრანის სკოლა 240, ხოლო წილკანის სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი.
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 2014 წელსაც სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 600-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, 80-ზე მეტი სკოლის გაზიფიცირება და გათბობის საქვაბეების მოწყობა განხორციელდა. პროცესი გაგრძელდება, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს.