25.01.2014
ლონდონში მიმდინარე განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ რამდენიმე
მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.
თამარ სანიკიძე, ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის
განათლების მინისტრს, მეცნიერების მენეჯმენტის სფეროს ბრიტანელ ექპერტებსა
და პედაგოგიური განათლების მიმართულების პროფესორებს შეხვდა.
მინისტრმა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები გამართა ისრაელის
განათლების მინისტრ შაი პირონსა და ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელ
დირექტორ მარტინ დევიდსონთან. "ძალიან სასიამოვნო იყო მინისტრთან შეხვედრა და საუბარი განათლების
რეფორმებზე საქართველოში, იმ გზებზე რომლითაც ვიმედოვნებთ, რომ ბრიტანეთი
(გაერთიანებული სამეფო) და საქართველო შეძლებენ ერთად იმუშაონ მათზე" –
განაცხადა მარტინ დევიდსონმა.
ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო
ინგლისური ენის უკეთეს და უფრო ეფექტურ სწავლებას და ამ პროცესში
საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერების გამოყენებას, მასწავლებლების
ტრეინინგებს, მასალებისა და სასწავლო გეგმის განვითარებას. საუბრისას ასევე
აქტუალური იყო საქართველოსა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის უფრო
მჭიდრო კავშირების დამყარების თემა, საქართველოსთვის, ბრიტანეთის
უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ბრიტანული აკადემიური ხარისხების,
ბრიტანული კურსების შეთავაზება. "ვისურვებდით ამ კუთხით წინსვლას და იმედი
მაქვს, რომ მალე მოხერხდება ბრიტანული უნივერსიტეტების მიერ საქართველოში
ვიზიტის განხორციელება ამ საკითხის განსახილველად" – განაცხადა ბრიტანელმა
ექსპერტმა.