საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები: მემცენარეობის, მესაქონლეობის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის, ბიზნესის ხელშეწყობისა და სხვა სფეროებში.
საუბარი შეეხო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა დამატებით დაფინანსებისათვის სპეციალური პროგრამის შემუშავებასაც. დღეის მდგომარეობით, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბუფერული ზონებიდან სულ 379 განაცხადია დაფიქსირებული. აქედან, 236 ბაკალავრია, ხოლო 11-მაგისტრი. დარჩენილი 132 სტუდენტი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
სამთავრობო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს კიდევ ეძლევათ შესაძლებლობა, უახლოესი ათი დღის ვადაში განაცხადით მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას და, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიიღონ სწავლის დაფინანსება. განაცხადების მიღება 7 თებერვალს დასრულდება.
ასევე, კომისიის წევრებმა მოისმინეს ანგარიში ბუფერულ ზონებში UNHCR-ის მიერ ზამთრის სამზადისისათვის განკუთვნილი დახმარების შესახებ. აღნიშნულმა დონორმა ორგანიზაციამ, ევროკავშირთან ერთად, გასულ წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 650 ოჯახს უკვე გაუწია ფულადი დახმარება (თითოეულს 500 ლარის ოდენობით), აღნიშნულ დახმარებას კიდევ 550 ოჯახი მიიღებს. კრიტერიუმების მიხედვით, დახმარება გაეწიათ შრომისუუნაროებს, მარტოხელა მოხუცებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.
UNHCR მეორე ტიპის დახმარებასაც ახორციელებს, რომელიც 700 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ნივთების გადაცემას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ხელმძღვანელობს.