11.02.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ
სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში,
ჟურნალისტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა ჟურნალისტებს
2014 წლის გეგმები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნო. თამარ სანიკიძემ ასევე
ისაუბრა სტრატეგიული გეგმის შესაბამისად უკვე მიმდინარე პროექტებზეც.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი განათლების სისტემისთვის კონსოლიდაციის წელი
იქნება. 2014 წლის გაზაფხულზე დასრულდება განათლების
სისტემის ერთიანი სტრატეგია (2014-2024), ეს არის სისტემური ხედვა, რომელიც
დამყარებული იქნება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და სიცოცხლის ბოლომდე
განათლების უზრუნველყოფის პრინციპებზე.
თამარ სანიკიძემ სფეროების მიხედვით მიმოიხილა
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
ზოგადი განათლება:
- განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა
ეროვნული სასწავლო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი და შეფასება, დასრულდა
შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნების წარმატებულ მოდელებთან. 2014 წელს კი, რამდენიმე მიმართულებით მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის
გადამუშავება-განახლება;
- უახლოეს მომავალში
დამტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და
კარიერული ზრდის ახალი სქემა. ასევე დასამტკიცებლად მზად არის მასწავლებლისა და დირექტორის პროფესიული
სტანდარტი;
- დასრულდა სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა, რის შედეგადაც
მოიხსნება პრობლემები წიგნისა და ფურცლის ხარისხთან, წონასთან და შრიფტთან დაკავშირებით.
- უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში,
შეიქმნა სკოლის ექიმის სტანდარტი;
- მიმდინარეობს 9 ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი. 2014 წელს
დაგეგმილია კიდევ 5 ახალი სკოლის მშენებლობა. აგრეთვე გეგმიურად გრძელდება
სარეაბილიტაციო და გათბობის მოწყობის სამუშაოები.
- განვითარდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების განათლების სისტემაში
ინკლუზიის პროგრამა და სხვ.
პროფესიული განათლება:
- შემუშავდა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები). გეგმის
შესაბამისად, დაიწყება
ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის განხორციელება
და ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა 27 მლნ ევროს მიიღებს დახმარების სახით;
- ამოქმედდა
დაფინანსების ახალი მექანიზმი, რამაც შესაძლებელი გახადა მოსახლეობისთვის უფასო პროფესიული
განათლების მიწოდება. წელსაც, 15 ათასამდე პროფესიული სტუდენტი სრულ სახელმწიფო
დაფინანსებას მიიღებს;
- გაძლიერდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
ტექნიკურ-მატერიალური ბაზა ინკლუზიური განათლების სპეციფიკის გათვალისწინებით;
- გადაიხედა და
განახლდა 50 პროფესიული სტანდარტი. 2014 წლის განმავლობაში დამსაქმებლის მონაწილეობით იგეგმება კიდევ
100 სტანდარტის გადახედვა;
- ათასწლეულის გამოწვევის
ფონდის კომპაქტის ფარგლებში სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებში 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 მლნ. დოლარი ინვესტირება განხორციელდება.
უმაღლესი განათლება და მეცნიერება:
- გრძელდება მუშაობა უმაღლესი განათლების
მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და დაფინანსების მექანიზმებზე;
- ათასწლეულის
გამოწვევის ფონდის კომპაქტის ფარგლებში,5
წლის განმავლობაში, 30 მილიონი აშშდოლარი მოხმარდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულების განვითარებას;
- გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლების პრიორიტეტული სპეციალობების მხარდაჭერა, მათ შორის აგრარული მიმართულებით;
- პრიორიტეტად გამოცხადდება სამეცნიერო კვლევისა და სწავლა-სწავლების ერთიანობის უზრუნველყოფა.
- წელს
საქართველო მოხვდა იმ 20 ქვეყნის სიაში, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატები
აღმოუჩენს დახმარებას მეცნიერების სფეროში (Stip);
- უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობა ქართველი მეცნიერებისთვის.
ეს არის
მცირე ჩამონათვალი მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეებისა, რომელზეც მინისტრმა ვრცლად
ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს თამარ სანიკიძემ ჟურნალისტთა
კითხვებს უპასუხა.