ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში ახალი სკოლა შენდება. სკოლის წარმომადგენლებსა და მშენებლებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდნენ და პირადად გაეცნენ მშენებლობის მიმდინარეობას.
სოფელ აბანოს საჯარო სკოლა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინგრა. ბოლო 13 წლის მანძილზე ანბანოს საჯარო სკოლის 50 მოსწავლე მაღაროთა სამმართველოს შენობაში განთავსებულ საკლასო ოთახებში სწავლობდა, თუმცა რთული პირობების გამო, 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში მათ ამ შენობის დატოვებაც მოუხდათ. უკვე რამდენიმე თვეა აბანოს მოსწავლეები და 16 პედაგოგი სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას. ყოველდღიურად, მათი გადაადგილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდება.
ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს. ახალი სასწავლო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკითა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. სკოლის შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ახალ საჯარო სკოლას აშენებს. მშენებლობების უმეტესობა 2014 წლის ბოლოსთვის დასრულება.