პირველად საქართველოში, ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის ჟესტური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები შეიქმნა, ასევე ამოქმედდა ბილინგვური პროგრამა. დღეს, თამარ სანიკიძე თბილისის სმედაქვეითებულ ბავშვთა 203-ე სკოლა-პანსიონს ეწვია და პირდად გაეცნო როგორ მუშაობენ მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით.
პირველი შემთხვევაა, როდესაც სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის ისეთი სახლმძღვანელოები შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებთ მათ დაწყებით საფეხურზე ჟესტური ენის ათვისებას, ქართულისა და მათემატიკის პროგრამის დაძლევას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების სპეციალური პროგრამა არ არსებობს. მათთან ურთიერთობა ჟესტური ენის არცოდნის გამო გართულებულია, შეფერხებულია ინფორმაციის მიწოდება, სიტყვის მნიშვნელობის გაგება.
სმენის პრობლემის მქონე ბავშვი პირველ კლასში მოუმზადებელი მიდის, ამიტომ მასთან კომუნიკიცია გაძნელებულია. ახალი სახელმძღვანელოები ადვილად ხსნის ამ პრობლემას. სახელმძღვანელოებში უხვად არის ილუსტრაციები, მინიშნებები, ანალოგიები და ა.შ. რაც უადვილებს ბავშვებს აღქმას.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტებმა დონორი ორგანიზაციის USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.
203-ე სკოლა-პანსიონში დღეისათვის 174 მოსწავლე ირიცხება. სპეციალური კლასია გახსნილი კოხლიარული იმპლანტის მქონე მოსწავლეებისათვის, დანერგილია ჟესტური ენა და მიმდინარეობს მეტყველების გაკვეთილები.
ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოებით სარგებლობს თბილისის 64-ე საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე რამდენიმე მოსაწვლეც. 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 64-ე საჯარო სკოლაში ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის, ინტეგრირებული კლასი გაიხსნა. ხმოვანი გარემო მოსწავლეებს ნარჩენი სმენის მეტად განვითარების საშუალებას აძლევს.
გარდა ამისა, სამინისტრომ გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის ”სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება.” გზამკვლევი პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების სფეროში ჩატარებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს აცნობს. მასწავლებლის გზამკვლევი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას.