სასწავლო ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ფირმა “PASCO”-ს უახლესი, თანამედროვე კომპიუტერიზებული ფიზიკური გამზომი ინსტრუმენტებითა და ლაბორატორიული დანადგარებით. მიღებული მოწყობილობების ჩამონათვალში შედის კომპონენტები, რომელთა საშუალებით 80-ზე მეტი სხვადასხვა სასწავლო ექსპერიმენტული ლაბორატორიული სამუშაოს შესრულება შეიძლება. ლაბორატორიული სამუშაოების დასახელება სრულად მოიცავს ფიზიკის სწავლების სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკას და რამდენადმე აღემატება კიდეც, რაც გათვალისწინებული იყო კომაროვის სკოლის სპეციფიკის შესაბამისად.
სასწავლო ლაბორატორია საშუალებას იძლევა დაიგეგმოს და შესრულდეს მოსწავლეთა სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები, რომელთა შედეგი მოსწავლეებს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე, თანამედროვე დონეზე, სათანადოდ წარდგენის საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ კომაროვის სკოლა საქართველოს საჯარო სკოლებს შორის პირველია მსგავსი დონის ლაბორატორიით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლა მზად არის უმასპინძლოს სხვა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რათა ამ უნიკალური ლაბორატორიის გამოყენებით, უფრო მეტმა ბენეფიციარმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება ფიზიკის დარგში.
კომაროვის სკოლა მზად არის რეგიონის მოსწავლეების მისაღებადაც და ლაბორატორიაში მათთვის ღია გაკვეთილების ჩასატარებლად.
კომაროვის სკოლას დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების კუთხით, იგი ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს არამარტო საქართველოს არამედ, მსოფლიოს მასშტაბით ოლიმპიადებსა და კონკურსებზე მიღებული წარმატების მიხედვით. ამიტომ, ამ სახის ლაბორატორიის არსებობა ამ სკოლისთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.