საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების კენესოს უნივერსიტეტის პროფესორი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ქალბატონი ჯილ ვილიამსი, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს, სპეციალურ მასწავლებლებსა და ფსიქოლოგებს ტრენინგებს უტარებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს.
სემინარის მონაწილეები ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით, საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით მსჯელობენ, განიხილავენ სსს მქონე ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიას და ცდილობენ ინკლუზიასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვა პერსპექტივიდან დაინახონ და გაიაზრონ.
ინტერაქტიური სემინარი და მიღებული ინფორმაცია ქართველ სპეციალისტებს დიდ დახმარებას გაუწევს ემოციური, ქცევითი და სწავლის პრობლემების, ფიზიკური შეზღუდვისა და აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.
ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართულ სპეციალისტებს ამერიკელი პროფესორის გამოცდილების გაზიარება კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებათ, რაც საბოლოოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მათი მუშაობის ხარისხზე აისახება.
ინკლუზიური სწავლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, განათლების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული. ამ მიზნით, სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწვლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.