ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 24 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლებიც პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ. საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით.
სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით, რაც წამყვან ორგანიზაციებში პრაქტიკული კომპონენტის ათვისების საფუძველზე, ყველა მსურველს მისცემს საშუალებას გახდეს კონკრეტული დარგის პროფესიონალი და დასაქმდეს.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. ტესტირების მიზანია გამოავლინოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა უნარები და შესაძლებლობები. შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველმა კი უნდა მიმართოს თავად დაწესებულებას და გაიაროს დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: www.vet.ge