საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთობლივი კონფერენცია გაიმართა თემაზე - უწყვეტი პროფესიული განვითარება და შესაძლებლობები ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.
კონფერენციაში, რომელსიც მასპინძლის რანგში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ გახსნა, მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს წარმომადგენლები, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, ინგლისური ენის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.
კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა წარუდგინა. განხილულ იქნა ინგლისური ენის მასწავლებელთა და სკოლის ხელმძღვანელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
კონფერენციის მანძილზე ინგლისური ენის მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები გაეცნენ უწყვეტი პროფესიული განვითარების კუთხით საქართველოში არსებულ რეალობას. პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა შეთავაზება მიიღეს მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან აქტივობებში, რომლებიც ემსახურება მასწავლებლის პროფესიული უნარების განვითარებას.
უწყვეტი პროფესიული განვითარების ცნება ემყარება პრინციპს, რომლის მიხედვითაც ეფექტური მასწავლებელი ეს არის მასწავლებელი, ვინც ვითარდება, ვისთვისაც წარმოუდგენელია პროფესიული განვითარების ერთ ეტაპზე გაჩერება. ამის შესაძლებლობა კი, პედაგოგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემის საშუალბით ეძლევათ.
უწყვეტი პროფესიული განვითარება არის პროცესი, რომელიც ეხმარება მასწავლებელს და სკოლის ხელმძღვანელს მიიღოს პროფესიაში არსებული გამოწვევები, მიაღწიოს თავის მიზანს, რითაც სკოლასაც მოუტანს სარგებელს და ზოგადად აამაღლებს განათლების დონეს ქვეყნის მასშტაბით. ეს ცნება თავის თავში მოიცავს საკუთარ საქმიანობაზე დაფიქრების და გაანალიზების იდეას, ვინაიდან დაფიქრება და საკუთარი საქმიანობის ასპექტების გაანალიზება, არის სწორედ პროფესიული ზრდის და განვითარების პროცესის ძირითადი ნაწილი.