ქართველი მასწავლებლები: მარეხ ბასილიძე (თბილისის #157 საჯარო სკოლა), რუსუდან გონაშვილი (დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა) და თეა ნონიკაშვილი (გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა) მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობისათვის კონკურსის წესით შეირჩნენ.
გლობალურ ფორუმზე ქართველმა პედაგოგებმა მსოფლიოს 97 ქვეყნის 250 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საგანმანათლებლო პროექტების შექმნაზე აქტიურად იმუშავეს. ეს პროექტები გრძელვადიანია და სხვადასხვა ქვეყნის საკლასო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.
მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმი ბარსელონაში, მიმნდინარე წლის 11-14 მარტს გაიმართა. ფორუმი მაღალი დონის ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლები მონაწილეობენ. ეს პედაგოგები, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენებით, ინოვაციურ სასწავლო რესურესებს ქმნიან. ფორუმის დროს ხდება ამ საგანმანათლებლო პროექტების წარდგენა, მიმდინარეობს სემინარები, იმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა.
მაიკროსოფტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან თანამშრომლობით, რამდენიმე წელია საქართველოში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.