განათლების სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და დელეგაციის სხვა წევრები მსოფლიო ბანკის განათლების სექტორის დირექტორს ალბერტო როდრიგესს, განათლების მთავარ ეკონომისტს კრისტიან აედოს და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს მთავრობის თხოვნით, მსოფლიო ბანკის ექსპერტები ჩართულები არიან განათლების სტრატეგიის შემუშავებაში. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფართოვდება მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა და უფრო ინტენსიური გახდება მსოფლიო ბანკის მონაწილეობა სტრატეგიის ფინანსური ასპექტების დახვეწაში.
ამავე დღეს სამუშაო შეხვედრები გაიმართება აშშ-ის სენატსა და სამოქალაქო კვლევების განვითარების ფონდ CRDF-ში.
მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, აშშ-ის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. დელეგაცია ასევე ეწვევა ნიუ იორკს, სადაც გაიმართება შეხვედრები უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ასევე კერძო ფონდებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობით.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში, ნიო იორკსა და ჩიკაგოში აშშ-ის სახელმწოფი დეპარტამენტის მიერაა დაგეგმილი და მისი მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის განათლების სექტორში არსებული პარტნიორობის გაღრმავება და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების დასახვა.