ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს, სამუშაო შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
დელეგაციის წევრები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანთებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს ევროპისა და ევრაზიული განყოფილების უფროსს ვეს ქერინგტონს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანთებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს „განათლება ამერიკაში“ პროგრამის ხელმძღვანელს ჰეიდი აროლას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე განხილული იქნა განათლების სექტორში მიმდინარე თანამშრომლობა. კერძოდ, საუბარი შეეხო ფულბრაიტისა და სხვა სასტიპენდიო პროგრამებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივი გაცვლითი პროგრამები და მასში ქართველ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ერთობლივ პროექტებს და სამომავლო გეგმებს.