საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სამოქმედო გეგმის განხილვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს ასევე გააცნეს სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე ცვლილებები.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტმა 2013 წელს პროფესიული განათლების ეფექტიანობის აუდიტი (2010-2012 წლების მდგომარეობით) განახორციელა და სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციები შეიმუშავა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღნიშნული რეკომენდაციების ნაწილი უკვე გათვალისწინებულია, ხოლო ნაწილზე მუშაობა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2013-2020) ფარგლებში მიმდინარეობს.