საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და კომპანია „რობერტ ბოშის“ კომერციულმა დირექტორმა კავკასიის რეგიონში ნინო ფრუიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას საინჟინრო მიმართულებით. კომპანია „რობერტ ბოშის“ ლიცენზირებული ტრენერები უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების მასწავლებელთა ცოდნის დონის ამაღლებას ახალი ტექნოლოგიების, ბოშის ელექტრო ინსტრუმენტებისა და აქსესუარების გამოყენებით. კომპანია უზრუნველყოფს სახელოსნოების აღჭურვას თანამედროვე ტექნიკით, სტუდენტების საწარმოო პრაქტიკას, ასევე ჩაერთვება გამოსაშვებ გამოცდებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბოშის საერთაშორისო სერტიფიკატს.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლების ჩართულობას ელექტრო ინსტრუმენტების მიმართულებით დაგეგმილ ტრენინგებში. ასევე სამინისტრო ხელს შეუწყობს, რომ პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ ბოშის მიერ მიწოდებული სწავლების მეთოდიკისა და შესაბამისი მასალების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმებში).
კომპანია „რობერტ ბოში“ ანალოგიურ პროექტებს წარმატებით ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის დადებული ხელშეკრულება, საქართველოში გაფორმებული პირველი თანამშრომლობის მემორანდუმია.
„იმ დიდ გამოცდილებას, რაც ბოშის კორპორაციას გააჩნია მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოშიც წარმატებით გამოვიყენებთ“ - განაცხადა ნინო ფრუიძემ.