საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კომპანია „ჯინო ფერედაისსა“ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ 5 საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, კომპანია „ჯინო ფერედაისის“ გენერალურმა დირექტორმა რამაზ მიქაძემ და პროფესიული სასწავლებლების „სპექტრი“, „მერმისი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, „იკაროსი“, „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ ხელმძღვანელებმა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს პროფესიული სტუდენტების გადამზადების, კვალიფიციური კადრების აღზრდისა და მათი სამომავლო დასაქმების ხელშეწყობას. კომპანია „ჯინო ფერედაისი“ შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც მოხდება სტუდენტთა სტაჟირება და მათი გადამზადება როგორც საქართველოში, ასევე, სლოვაკეთში არსებულ კომპანიის შესაბამის ობიექტებზე. კომპანია ასევე დაასაქმებს წარმატებულ კურსდამთავრებულებს. რაც თავის მხრივ აამაღლებს პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციას, უზრუნველყოფს პრაქტიკული კომპონენტის ათვისებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკვალიფიკაციო ჩარჩოს გადახედვის ფარგლებში, კომპანიის ინფორმირებასა და დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობას უზრუნველყოფს.