ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მიიღო.
ფორუმზე საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეული საუკეთესო მოხსენებები ავტორებმა - თსუ-ს პროფესორებმა, საპატიო დოქტორებმა და მეცნიერ-თანამშრომლებმა წაიკითხეს. თითო ფაკულტეტიდან თითო ნაშრომი იყო წარმოდგენილი. ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით გადაეცათ. ფორუმის პარალელურად, თსუ მუზეუმში ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა „ერთადერთი რაინდი“ გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით დაწესდა.
ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2014 წელს მეცნიერის 138 წლის იუბილეს აღნიშნავს.