საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „წერილი ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს 75 საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში მიმდინარე „ISAF”-ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს მხარდაჭერის 700-ამდე წერილი გაუგზავნეს.
ქართველმა ჯარისკაცებმა ბარათების ნაწილს უკვე უპასუხეს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები თბილისის 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და IV-V კლასის მოსწავლეებს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების წერილები გადასცეს. ღონისძიების მონაწილეებმა ავღანეთში გადაღებული ვიდეოკადრებიც ნახეს, სადაც ქართველი ჯარისკაცები ბავშვების წერილების გაცნობისას მიღებულ ემოციებს ვერ ფარავენ.
პროექტის - „წერილი ჯარისკაცებს“ მიზანია სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლების მხარდაჭერა და მოზარდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი, ახალი პროექტის - „ჩვენი ჯარისკაცების“ დაწყების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ესეებს შექმნიან. გამარჯვებული მოსწავლეები კი, თავდაცვის სამინისტრო ოფიცრის საათებით დააჯილდოვდებიან. პროექტში - „ჩვენი ჯარისკაცები“ გამარჯვებულები 26 მაისს გამოვლინდებიან.