საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მეორე წელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირები ირიცხებიან. ამ ეტაპზე, სხვადასხვა პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე სსსმ პირთა ტესტირება მიმდინარეობს. ტესტირების პროცესს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გაეცნენ.
ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლების სისტემაში 2013 წლის იანვრიდან დაიწყო. სსსმ პირებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა სსსმ და შშმ პირებისათვის პროფესიული განათლების სისტემაში ჩარიცხვის მექანიზმი პროფესიული ტესტირების საფუძველზე, რომელიც ეფუძნება სტუდენტის მიერ დასახელებული პრიორიტეტული პროფესიის (მაქსიმუმ სამი) პრაქტიკულ მოსინჯავს. გადაწყვეტილების მიღება თუ, რომელ საგანმანთლებლო პროგრამაზე უნდა ჩაირიცხოს პირი ხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული პროცედურების საშუალებით 2013 წლის საშემოდგომო მიღებაზე პროფესიულ სასწავლებლებში 51 სსსმ და შშშმ პირი ჩარიცხა.
2014 წელს საგაზაფხულო მიღებისათვის კი, 44 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი დარეგისტრირდა. პროფესიული ტესტირება 24 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდება. პროფესიული სასწავლების პედაგოგები, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან ერთად გეგმავენ პროცესს თითოეული აპლიკანტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით. პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის, საჭიროების შემთხევაში, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს პროფესიული ტესტირებისას ჟესტური ენის თარჯიმნის ჩართულობას და ყველა საჭირო რესურსის უზრუნველყოფას. უკვე ჩარიცხული სსსმ სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სასწავლო გარემოთი, მასთან იმუშავებს ორი ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი და ერთი ასისტენტი.
ინკლუზიური პროფესიული განათლება ხელს შეუწყობს სსსმ და შშმ პირთა შესაძლებლობების რეალიზებას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას რაც, მათი შემდგომი დასაქმების წინაპირობაა.
საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ფარლებში ხორციელდება. ინკლუზიური პროფესიული განათლების ეფექტური წარმართვისათვის 6 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების 18 სპეციალისტია ჩართული, ინკლუზიური პროფესიული განათლების ადმინისტრაციის მხრიდან ხორციელდება პოროცესის მონიტორინგი.