თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა და პროფესიული სასწავლებლების - „ახალი ტალღა“, „სპექტრი“, „მერმისი“, „იბერია“, „ოპიზარი“ , „ფაზისი“, „ლაკადა“, „მოდუსი“, „ბლექსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ „ჰორიზონტი“ „განთიადი“ ხელმძღვანელებმა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების, პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმების ხელშეწყობასა და კვალიფიციური კადრების აღზრდის ხეშეწყობას.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩართულობას პროფესიული სტანდარტების გადახედვის/შემუშავების პროცესსა და პროფესიული ორიენტაციის კუთხით დაგეგმილ აქტივობებში. ხოლო კომპანია ითანამშრომლებს პროფესიულ სასწავლებლებთან და უზრუნველყოფს იმ პროფესიული სტუდენტების შერჩევას, რომლებზეც განახორციელებს ფინანსურ კონტრიბუციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ახალი პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდების ჩართვა პროფესიულ განათლებაში“.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და საწარმოო პრაკტიკის ორგანიზებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საწარმოო პრაქტიკა იქნება ანაზღაურებადი და პირველ ეტაპზე პროექტში 160 პროფესიული სტუდენტი ჩაერთვება. ეს თავის მხრივ აამაღლებს პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციას, უზრუნველყოფს პრაქტიკული კომპონენტის ათვისებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.