საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. დღეს, თამარ სანიკიძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია, ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს გაეცნო და შემდეგ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრმა მათ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები გააცნო და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში, რეგიონალური უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაცია სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტების გორის სასწავლო უნივერსიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ბოლო წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა უნივერსიტეტის 4 სასწავლო კორპუსს და აღიჭურვა ახალი ინვენტარით, თანამედროვე ტექნიკით, სასწავლო ლაბორატორიებით, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წიგნადი ფონდის შესავსებად უნივერსიტეტს 9 000 ლარი გამოუყო. იგეგმება ადმინისტრაციული კორპუსის რეაბილიტაცია.
განახლებული პროგრამებით, უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტზე (განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა; ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებზე), 2000-მდე სტუდენტი სწავლობს. წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი სწავლას უფინანსებს და სახელობითი სტიპენდიებით უზრუნველყოფს. ბოლო პერიოდში 55%-ით გაეზარდათ ანაზღაურება პროფესორ-მასწავლებლებს, ფინანსდებიან სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილე სტუდენტებიც.