საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს-იოახიმ ფუხტელი, რომელიც დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია.
საპარლამენტო მდივანი კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
„სპექტრის“ მაგალითზე, ფუხტელი ასევე გაეცნო პროფესიულ განათლებაში დანერგილ სწავლების ახალ მეთოდებს, დაათვალიერა სასწავლო სახელოსნოები და ელექტროშედუღების პედაგოგების სემინარს დაესწრო. კოლეჯში ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოქმედი შვიდი პროფესიული სასწავლებლის ელექტროშედუღების პედაგოგების ტრენინგი მიმდინარეობს სახელწოდებით „სამშენებლო სპეციალობების გაუმჯობესება საქართველოში“. პედაგოგებს 3 კვირიან ტრენინგს გერმანელი ექსპერტი უტარებს.
ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, ”სპექტრში” დანერგილია დუალური განათლების სისტემის ელემენტები, რომლის საშუალებითაც ერთის მხრივ, წარმოებასთან და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით, თეორიული განათლება შეესაბამება იმას, რაც მომავალში პროფესიაში შესვლისთვის არის საჭირო, ხოლო მეორეს მხრივ, პროფესიული სტუდენტები უშუალოდ ეცნობიან მუშაობის პროცესს, რადგან პრაქტიკული სწავლების ერთ ნაწილს უშუალოდ საწარმოებში ატარებენ. ჰანს-იოახიმ ფუხტელის განცხადებით, იგი მიესალმება და მხარს უჭერს წამოწყებას, რომელსაც ”სპექტრი” და გერმანული საწარმოები ”კაპაროლი”, ”ჰაიდელბერგ ცემენტი” და ”კნაუფი” ახორციელებენ.
მომავალში გათვალისწინებულია კიდევ უფრო მეტი დაახლოება გერმანიაში წარმატებით მოქმედ ”დუალურ სისტემასთან”, რომელიც ითვალისწინებს პარალელური განათლების მიღებას საწარმოებსა და სასწავლო დაწესებულებაში.