საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქუთაისში პროფესიული კოლეჯი „იბერია“მოინახულეს და სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.
საგაზაფხულო მიღებაზე, პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ 500-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, მათ შორის 20 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა (სსსმ). აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მეტი სსსმ პირი სწორედ, ამ სასწავლებელში დარეგისტრირდა, მათი რიცხვი გასულ წელს ამ კოლეჯში მხოლოდ ექვსი იყო.
კოლეჯში პროფესიები შერჩეულია რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. შესაბამისად, მაღალია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, სწავლება კი, შემდეგ სპეციალობებზე მიმდინარეობს: მზარეული, კონდიტერი, მემცენარე, მეფუტკრე, სასტუმრო, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, ელექტრიკოსი, მღებავი, მეფილე-მომპირკეთებელი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ავტომობილის ზეინკალი, კალატოზი, დურგალი, შემდუღებელი, გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, .სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სტილისტი, ბუღალტერი, კომპიუტერული გრაფიკოსი, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი).
განახლებული ინფრასტრუქტურის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით.