საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დასავლეთ საქართველოში სასწავლო დაწესებულებების მონახულებას აგრძელებს. დღეს, მინისტრი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განახლებულ სასწავლო პროგამებს გაეცნო და პედაგოგებსა და რეგიონალურ კოორდინატორებს შეხვდა.
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისში მალე განაახლებს თვითმმართველობებსა და ცენტრალური სტრუქტურების ადგილობრივ ორგანოებში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას, რომლის მიზანია, მსმენელებმა შეისწავლონ სახელმწიფო ენის საფუძვლები, შეძლონ ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო თემებზე, მარტივი ტექსტური შეტყობინებების, საქმის წარმოების მიზნით წერილების და დოკუმენტების შედგენა. ეს მათ დაეხმარება ერთიან სახელმწიფო ადმინისტრირების სივრცეში ინტეგრაციაში.
სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სწავლა უკვე განაახლა დმანისში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრებში, სადაც სწავლის დასრულების შემდეგაც წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ სახელმწიფო მართვის სრული სასწავლო კურსი ქ. ქუთაისში, სამინიტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიარონ.
2014 წლის მანძილზე სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ 2000-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის გადამზადებას გეგმავს.