მოსწავლეებში დანაშაულის პრევენციის, სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, სამოქალაქო განათლების კურსის, სამართლებრივი საკითხებისა და სამართლებრივი კულტურის სწავლების ფარგლებში, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მემორანდუმის ფარგლებში, მთავარი პროკურატურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სკოლების ინფორმირებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. მენტალური და ემოციური მზაობიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ განსაზღვრული იქნება საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფებიც.
საგანმანათლებლო პროექტში გამოსაყენებული როგორც თეორიული და ვიზუალური მასალები, ასევე საინფორმაციო შეხვედრების გეგმა და თემატიკა, სამინისტროსა და პროკურატურას შორის ერთობლივად შემუშავდება.