საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის მოსახლეობას შეხვდა და ის ადგილი მოინახულა, სადაც თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება. ახალი სკოლის მშენებლობა სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ 2013 წლის ბოლოს დაიწყო.
სოფელ წიფნარის სკოლა ერთ-ერთია იმ ცხრა სკოლიდან, რომელთა მშენებლობასაც სამინისტრო საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ყველა ამ სკოლის მშენებლობა გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდა.
სოფელ წიფნარში არსებული სკოლა იმდენად მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ სასწავლო პროცესის გაგრძელება დაუშვებელი აღმოჩნდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოხდა სკოლის დემონტაჟი და ამჟამად, სასწავლო პროცესი ბაღის შენობაში მიმდინარეობს. რამდენიმე თვეში სოფელ წიფნარის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სრულფასოვანი განათლება ახალ თანამედროვე სკოლაში მიიღონ.
სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საგანმანათლებლო რეფორმის ძირითად პრიორიტეტად რჩება. სამინისტრო ამ მიმართულებით დიდ სამუშაოებს აწარმოებს. მომდევნო პერიოდშიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება განხორციელებული იქნება გეგმაზომიერად, საჭიროებებიდან გამომდინარე და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით.