საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“. პროექტი მიზნად ისახავს ფილმების, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებას ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ პროფესიონალ კინომცოდნეებთან ერთად ნახონ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შერჩეული ფილმები, შეისწავლონ კინოსცენარის წერის თავისებურებები და თავად დაწერონ მინი სცენარი. ფილმები შეირჩა კინომცოდნეების, განათლების ექსპერტების და ფსიქოლოგების მიერ. დაგეგმილია 18 ფილმის ჩვენება, როგორც კინოკლასიკიდან, ასევე თანამედროვე კინემატოგრაფიიდან.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2014 წლის 17 მარტს და 2013-2014 სასწავლო წლის ბოლოს დასრულდება.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საჯარო სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეები, რომლებიც შეირჩნენ მოზარდების ფსიქოემოციური და კოგნიტური უნარების გათვალისწინებით.
ამ ეტაპზე, პროექტში ჩართულია 40 სკოლა (მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აჭარა), სადაც შექმნილია კინო კლუბები. სკოლები შეირჩა მათ მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების განხილვის შედეგად.
სკოლებში კინო კლუბის მუშაობას ხელმძღვანელობს 16 ფასილიტატორი, რომელთაგან თითოეული მოიცავს 2-4 სკოლას.