საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განახორციელებს სკოლისათვის მზაობის ხელშეწყობის პროგრამას 5-წლიანი ბავშვებისათვის, რომლის ფარგლებში სკოლისათვის მზაობის სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიური მასალა შეიქმნება. სკოლისათვის მზაობის პროგრამა შესაბამისობაში იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კლასის პროგრამასთან. მასში ყურადღება გამახვილდება ბავშვის ყოველმხრივ განვითარებასა და სკოლისათვის მზაობის უნარ-ჩვევების ფორმირებაზე.
აღნიშნული პროექტის განხორციელების ფარგლებში, საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ექსპერტი სტეფან საიფერი, რომელიც ქართველი ავტორებისათვის სემინარებს მართავს. უცხოელი ექსპერტი ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციებს უწევს სკოლისათვის მზაობის კურიკულუმის შექმნის პრინციპებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები ეცნობიან და აანალიზებენ ევროპისა და ამერიკის სკოლამდელი განათლების წარმატებულ სასწავლო პროგრამებს, რათა მათი მოწინავე პრაქტიკა ადაპტირებული იყოს ქართულ რეალობასთან და გამოყენებული იქნას აღნიშნულ კურიკულუმში.
ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან World Vision და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ (OSGF).